Tuesday, July 30, 2019

ქორწინება

ქორწინება



კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სხვადასხვა კულტურაში ქორწინებასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მრავალი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ქორწინება მოიცავს პირველ რიგში ცოლ-ქმრის გაერთიანებას, შემდეგ განსაკუთრებულ კავშირს შვილებთან, მონოგამიას და ექსკლუზიურობას. ეს ელემენტები არის ქორწინების აღქმის შემადგენელი.  ქორწინება უნდა განვასხვავოთ სხვა ნებისმიერი სახის ურთიერთობიდან, ვინაიდან გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ორი ადამიანის თანაცხოვრება. ეს არის ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა საკუთარი ნებითა და შეთანხმებით, ცხოვრების და საშუალებების ერთმანეთთან გაზიარება, ამავდროულად ფიქრებისა და სურვილების გაერთიანების შესაძლებლობა და ბოლოს სხეულების ერთიანობა.
მეუღლეები იწყებენ ერთმანეთის სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას და ემზადებიან, რომ შეითავსონ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მშობლობა და სხვა ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებული მოვალეობები.
„ჯანსაღი“ ქორწინება დადებითად მოქმედებს წყვილის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბედნიერ ოჯახში, დაცული არიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, განათლებისა თუ სოციალური პრობლემებისგან. კარგი ოჯახი ნიშნავს, რომ მეუღლეები აფართოვებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ისეთ ცხოვრებას, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ შექმნიდნენ.
თითოეული ქორწინება უნიკალურია, თუმცა არის საერთო ელემენტებიც. არსებობს ქორწინების კრიზისული წლები, რომელსაც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ვერ განვიხილავთ, ვინაიდან კრიზისის გადალახვის შემდეგ მეუღლეთა ურთიერთობა უფრო მყარი ხდება. ქორწინების პირველი კრიზისული პერიოდია წყვილის თანაცხოვრების დასაწყისი. ქორწილამდე ყველაფერი უფრო მარტივია, შეხვედრები და სიყვარულის მორევში ყოფნა ძალიან ამაღელვებელია წყვილებისთვის. დაქორწინების შემდეგ  კი ურთიერთობა რთულდება, რაც გარკვეული ცვლილებების ზემოქმედებით ხდება. დაოჯახებამდე მეწყვილეებს ჰქონდათ თავისუფალი დრო, რაც საშუალებას აძლევდათ ერთმანეთისგან დაესვენათ. ერთად ცხოვრების დროს კი ცოლ-ქმარს უწევს ბევრი ასპექტის ერთმანეთთან შეთანხმება, საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეულ საკითხზე კომპრომისებზე წასვლა და სხვა დეტალები რასაც წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.
მრავალი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ქორწინებამდე ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით. თუმცა აქაც არის აზრთა სხვადასხვაობა და კულტურული განსხვავებები. მიზეზი ზოგისთვის დაოჯახებისთვის მომზადებაა, ზოგი წყვილი, ქორწინებამდე თანაცხოვრებას აღიქვამს, როგორც პირველ ნაბიჯებს დაოჯახებისკენ და ასევე შემოწმების გზას, თუ როგორ ეწყობიან ერთმანეთს. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ როდესაც წყვილები ერთად ცხოვრობენ ქორწინებამდე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქორწინებისა და შვილების ყოლის მნიშვნელობის შემცირება. ასევე კვლევების მიხედვით იმ წყვილების განქორწინების რაოდენობა, რომელთაც არ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა ქორწინებამდე, ორჯერ უფრო ნაკლებია.
ადამიანები  ხშირად მოუმზადებელნი არიან ხოლმე მოსალოდნელი  ცვლილებებისთვის, რომლებიც გარკვეულ წილად ისახება კომუნიკაციასა თუ ქმედებებზე. ქორწინება ცვლის წყვილების ურთიერთობას, გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინებით ისინი იღებენ დაუსრულებელ ვალდებულებებს.  თითოეულმა მეუღლემ საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა „ვინ ვარ მე“? „ვინ ვართ ჩვენ?“ როგორ დავაბალანსებთ ჩვენს ინდივიდუალურ თვისებებს? მსგავს შეკითხვებზე მიღებულ პასუხებს, შესაძლოა, რომ ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ორივე წყვილისთვის.
მრავალი დაქორწინებული ადამიანი აღიარებენ, რომ ქორწინების შემდგომ გარკვეული საკითხი განსხვავებულად აღიქვეს. დაოჯახებული წყვილები იღებენ ახალ ვალდებულებებს, რომ იზრუნონ ერთმანეთზე. მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა მოვალეობები სწორად გადაინაწილოს.
ქორწინებაში მყოფი თითოეული პარტნიორი, იყალიბებს საკუთარ წარმოდგენას ოჯახურ ურთიერთობაზე, რომელიც შემდგომში მნიშვნელოვნად ისახება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ის წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი წარმოდგენები აქვთ, უფრო ადვილად აღწევენ ერთობლივ მიზნებს, ვიდრე განსხვავებული შეხედულებებისა და მოლოდინების მქონე წყვილები.
დაქორწინების შემდგომ ადამიანთა ურთიერთობები საკუთარ მეგობრებსა თუ ოჯახთან იცვლება. შესაძლოა შეიცვალოს მეუღლეების ურთიერთობა საკუთარ ოჯახებთანაც.  ბუნებრივია, რომ ახლად შეუღლებული წყვილებისთვის მშობლები გარკვეულ წილად რეკომენდატორები არიან და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში, თუმცა პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როდესაც მშობლები ზომაზე მეტად ერევიან წყვილების ურთიერთობაში. წარმატებული ქორწინება მოიაზრებს მშობლებისგან დამოუკიდებლობას. მშობლებმა შესაძლებელია შესთავაზონ ახლად შეუღლებულ წყვილს ფინანსური და ემოციური დამოუკიდებლობა.
ასევე მცირდება დრო საკუთარი მეგობრების სანახავად, გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინება წყვილებს შორის საკმაოდ დიდ ემოციურ ურთიერთ კავშირთანაა დაკავშირებული. ადრეულ ეტაპზე კლებულობს სურვილი იმისა, რომ სხვებთან გაატარონ დრო. წყვილები ძირითადად ერთმანეთზე არიან ორიენტირებულნი და სხვა ადამიანები ნაკლებად აინტერესებთ. მნიშვნელოვანია ქორწინებით კმაყოფილება და შესაბამისად ადამიანებს ამის მოლოდინიც აქვთ. ქორწინებით კმაყოფილებისთვის წყვილი ყველაფერს აკეთებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს იმას, რომ სხვა დანარჩენი ურთიერთობები მეორე ხარისხოვანი ხდება.
ზოგიერთი წყვილი ცდილობს, რომ გამონახოს ერთი საღამო მაინც იმისთვის, რომ ნახონ საკუთარი მეგობრები და მათთან ერთად გაატაროს გარკვეული დრო. ამ შემთხვევის მიზეზი კი ხშირად საერთო მეგობრებია, რომელთა საშუალებითაც გაიცნეს ერთმანეთი.
ამ საკითხს უარყოფითი მხარეც აქვს. მეუღლეები რომლებიც სრულიად იზოლირებულად არიან საკუთარი ოჯახებიდან, არის ალბათობა, რომ თავი იჩინოს სტრესმა და წარმოიშვას პრობლემები ურთიერთობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ნდობა. როდესაც ურთიერთობაში არის ნდობა, ხდება ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, ამ დროს ნაწილდება როლები, ერთი კარგი მსმენელია და მეორე მთხრობელი. რაც უფრო ახლოსაა წყვილი ერთმანეთთან მით უფრო ხშირია ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთში.
შუახნის ასაკი არის პერიოდი ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობას შორის. ერიკ ერიკსონმა შუახნის ასაკი გამოყო 40 წლიდან, 65 წლამდე.[1] აღნიშნული პერიოდი მრავალ საკითხს უკავშირდება და შესაბამისად, შედარებით უფრო პრობლემატურია. მის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ოჯახიდან წამსვლელთა და შემომსვლელთა რაოდენობა. რაც გულისხმობს უკვე დამოუკიდებელ შვილებს,  დამოუკიდებელი შვილების მეუღლეებს  და შემდგომში ბებია-ბაბუის სტატუსის მინიჭებას.
გარკვეული ცხოვრებისეული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ ცხოვრებით კმაყოფილებაზე. არსებული ფაქტორები მოიცავს სამსახურს, ფინანსურ საკითხებს, საცხოვრებელ სახლს და ასე შემდეგ.  შედარებით ნაკლებად, თუმცა შუა ხნის პერიოდსაც შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
ის ფაქტი, თუ როგორ აფასებენ საკუთარ კეთილდღეობას ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახებზე. არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანები საკუთარ თავს განსაზღვრავენ საკუთარი პირადი მიღწევების საფუძველზე და ასევე განათლების დონის მიხედვით. კვლევებმა აჩვენა, რომ განათლების დაბალი დონე პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ფსიქო-სოციალურ სტრესთან. აღნიშნულის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი ქალებში.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად ადამიანები განათლების მაღალი დონით, არიან უფრო ორგანიზებულნი და ორგანიზებულობა უკავშირდება ცხოვრებით კმაყოფილებას და დეპრესიის დაბალ მაჩვენებელს. წყვილები, რომლებიც კმაყოფილნი არიან ცხოვრებით,  კმაყოფილნი არიან ქორწინებითაც [Lachman, Firth; 2004].
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსების განცდა, გარკვეულ წილად დამოკიდებულია იმ სოციალურ ფენასა თუ კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება ადამიანი. რაც უფრო მაღალია სოციალური კლასი, უფრო მაღალია საკუთრი თავის მიმართ პატივისცემა და ასევე მაღალია კეთილდღეობის განცდა. ბუნებრივია, რომ მხოლოდ სოციალური ფენა არ წარმოადგენს ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორს, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გარკვეულ როლს თამაშობს. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო მაღალია სოციალური ფენა, ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა არის უკეთესი და შესაბამისად, ინდივიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია. ზრდასრულ ადამიანებზე უფრო მეტად ახდენს მსგავსი საკითხები გავლენას, ვიდრე შედარებით ახალგაზრდებზე.
ერიკ ერიქსონის მიხედვით ხანდაზმულობის ხანა იწყება 60 წლიდან.[2] საზოგადოებას ეშინია სიბერის. არსებობს მრავალი ნეგატიური მითი, რომელიც უკავშირდება სიბერეს. დაახლოებით 3000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ 65 წლის ადამიანები საკუთარ თავს არ უწოდებდენ „მოხუცს“ და მხოლოდ გამოკითხულთა 15%, რომლებიც 75 წელს გადაცილებულია, უწოდებს საკუთარ თავს „ძალიან მოხუცს“ [Parkin; 2000].
კვლევებმა აჩვენა, რომ ხანში შესული ადამიანისთვის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ჯანმრთელობასთან ერთად წარმოადგენდნენ პრიორიტეტს. ასევე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მრავალფეროვანი სულიერი ცხოვრება და ახალი გამოცდილებები.
ქორწინებით კმაყოფილება, რომელიც გარკვეულ წილად დაბალია შუახნის ასაკის პირველ ფაზაში, ერთი ორად  იზრდება 50 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, კმაყოფილება, ბავშვებთან, ქორწინებასთან, სამსახურთან, ფინანსებთან და ზოგადად ცხოვრებასთან, იზრდება ასაკთან ერთად. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიურ წყვილებს აქვს ცხოვრებით ნაკლები კმაყოფილება, მათ აქვთ ფსიქიკური და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცხოვრებისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, ასუსტებენ თავიანთ იმუნურ სისტემას.
სექსუალური და ფინანსური კმაყოფილება პიკს აღწევს საშუალო ასაკში. აღნიშნული საკითხები კლებულობს ასაკთან ერთად. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ 57-64 წლის ადამიანების 73% სექსუალურად აქტიურია. არსებული რიცხვები შემცირდა 53% ასაკობრივ კატეგორიაში 65-74, ხოლო 26% განისაზღვრა 75-85 წლის ასაკში. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით, 50 წელს მიღწეული ადამიანების ცხოვრება არის გაუმჯობესებული [Lindauet al, 2007].
გრძელვადიანი ქორწინება მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ზოგი მკვლევარი გრძელვადიან ქორწინებად თვლის ქორწინებას, რომელის ხანგრძლივობა რამოდენიმე წლიდან 20 წლამდე გრძელდება.  კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს ქორწინების ოპტიმალური ასაკი, რომელიც ახანგრძლივებს ქორწინებას. ქორწინების ხანგრძლივობა გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ პერიოდზე, კულტურასა და გარემოზე სადაც ქორწინდება ადამიანი [Glenn, 1998;].
ვინაიდან მკვლევართა აზრი ხანგრძლივ ქორწინებასთან დაკავშირებით რამდენიმე აზრად იყოფა და საკმაოდ მწირია განმარტებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და კონკრეტულად რამდენ წელს მოიაზრებს ხანგრძლივი ქორწინება, ამიტომ ძნელია შედარების გაკეთება. კვლევებმა ცხადყო, რომ, როგორც კი წყვილი გადალახავს განქორწინების ძირითადი რისკების პერიოდს,  ძირითად შემთხვევებში ისინი ადგებიან გზას ხანგრძლივი ქორწინებისკენ. მიუხედავად ამისა, ოჯახი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განქორწინების რისკის ქვეშ დადგეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევებში მონაწილე ყველა წყვილს, ქორწინებაში არსებული მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, გარდა იმ წყვილებისა, რომელთა ქორწინების ხანგრძლივობა აღემატებოდა ოც წელს. შესაბამისად ივარაუდება, რომ ოცი და მეტი წელი ქორწინების შემდეგ განქორწინების რიცხვი კლებულობს.




[1] Barbara A. Riggs, 2010; 200.
[2] Barbara A. Riggs, 2010; 200.










ფსიქოლოგი
მარიამ ტურაშვილი

No comments:

Post a Comment