Sunday, July 14, 2019

კვლევა: ცხოვრებით კმაყოფილება, მარტოობის შეგრძნება და დეპრესია დაოჯახებულ წყვილებში



კვლევა: "ცხოვრებით კმაყოფილება, მარტოობის შეგრძნება და დეპრესია დაოჯახებულ წყვილებში" ჩატარდა 2019 წელს ქ. თბილისში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 76-მა დაქორწინებულმა წყვილმა,  რომელთა ქორწინების ხანგრძლივობა 1-დან 43 წლამდე, გამოკითხულთა ასაკი კი 20-დან 59 წლამდე ვარირებდა. მონაწილეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ პირველად ან მეორედ. 
 კვლევის მონაწილეებს გადაეცათ 4 ნაწილისგან შემდგარი კითხვარი. რესპოდენტებს ეძლეოდათ კითხვარის შესავსებად საჭირო დრო. უზრუნველყოფილი იყო გამოკითხულთა ანონიმურობა. კვლევის მონაცემთა ანალიზი განხორციელდა სტატისტიკური პროგრამის SPSS-22-ის დახმარებით. 
კვლევა წარიმართა 5 კითხვარის საშუალებით: სოციალურ-დემოგრაფიული კითხვარიცხოვრებით კმაყოფილების შკალა (SWLS; 1985), დეპრესიის კითხვარი (BDI; 1961), მარტოობის სკალა (UCLA Loneliness Scale; 1980) და ქორწიებით კმაყოფილების დონის გასაზომად გამოვიყენეთ ოჯახური მორგების ტესტი (MAT; 1959), რომლის  ორიგინალის სანდოობა შემოწმდა სპირმენ-ბრაუნის ფორმულით და სანდოობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, კრონბახის ალფას შედეგების მიხედვით ასევე სანდოობის მაღალი მაჩვენებელი აქვს.
სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით რესპოდენტთა 75%-ის ქორწინების ხანგრძლივობა 1-დან 10 წლამდეა, 25%-ის კი 11 და მეტი წელი. მონაწილეები დაქორწინების დროს  16-დან 41 წლამდე იმყოფებოდნენ. 97.5%-ისთვის დაქორწინების მიზეზი სიყვარულია, დანარჩენი 4.3%-ისთვის კი შვილების ყოლის სურვილი, სიმარტოვის შევსება და სხვა მიზეზებია. კვლევის მონაწილეთა 65% დასაქმებულია, ხოლო 17.9% უმუშევარი.

აღმოჩნდა, რომ დაქორწინების ასაკი კავშირშია ცხოვრებით კმაყოფილებასთან. კვლევის მიხედვით, ცხოვრებით კმაყოფილებაზე გავლენას ახდენს ასაკი, როდესაც წყვილი ქორწინდება. გვიან დაოჯახებულ წყვილებში, გაცილებით მეტი ცხოვრებით კმაყოფილების დონე აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, ადრეულ ასაკში დაოჯახებულების ცხოვრებით ავტომატურ უკმაყოფილებას.
როგორც ვვარაუდობდით მარტოობას, დეპრესიასა და უმუშევრობას შორის კავშირი დადებითი აღმოჩნდა. ლიტერატურაში გვხვდება მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ხანშიშესულ ადამიანებს მარტოობის შეგრძნება უფრო მეტად აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. გადავწყვიტეთ ლიტერატურის საფუძველზე შექმნილი ჰიპოთეზის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ შედეგების თანახმად, ამ ცვლადებს შორის კორელაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ხანშიშესულ ადამიანებს მარტოობის და დეპრესიის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, უფრო პატარა ასაკის ადამიანებთან შედარებით. 
ჩვენთვის საინტერესო იყო ქორწინებით კმაყოფილი ადამიანების დეპრესიის მაჩვენებელი. ლიტერატურულ მიმოხილვაში შევეხეთ დეპრესიულ ადამიანებსა და მათ ურთიერთობებს ქორწინებაში. დეპრესიულ პიროვნებებს უფრო მეტად ნეგატიური ურთიერთობები ახასიათებთ, რაც გავლენას ახდენს მეუღლეთა ურთიერთ დამოკიდებულებაზე. დეპრესიული მეუღლის არსებობის შემთხვევაში წყვილთა ურთიერთობა პრობლემატური ხასიათისაა. ქორწინებით კმაყოფილ ადამიანებს დაბალი დეპრესიული მაჩვენებელი აქვთ და პირიქით, დაბალი დეპრესიის დონის მქონე წყვილებს მაღალი ქორწინებით კმაყოფილება.  
ვინაიდან და რადგანაც ქორწინებით კმაყოფილება, ცხოვრებით კმაყოფილების შემადგენელი ნაწილია და გარკვეულწილად განსაზღვრავს მას, შევეცადეთ მათ შორის კავშირი მოგვეძებნა. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი დონე აქვთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქორწინებით კმაყოფილების მაღალი დონე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენტთა ქორწინების მიზეზსა და ქორწინებით კმაყოფილებას შორის არის კავშირი, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიყვარულით დაოჯახებული წყვილები უფრო კმაყოფილები არიან ქორწინებით, ვიდრე სხვა მიზეზით დაქორწინებული წყვილები.





ფსიქოლოგი 
მარიამ ტურაშვილი


No comments:

Post a Comment