Tuesday, October 8, 2019

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

“ცხოვრების მხოლოდ 10%-ია ის რაც ჩვენს თავს ხდება, ხოლო დანარჩენი 90% არის ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ამ ცხოვრებისეულ მოვლენებზე"...
#CharlesSwindoll
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

" არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ.."

#კრილოვი
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"ცხოვრება ველოსიპეტის ტარებას გავს, ბალანსის შესანარჩუნებლად მოძრაობა უნდა განაგრძო"...
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#AlbertEinstein
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"ჩვენ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად, მაგრამ თუ სწორად ვიცხოვრებთ ეს ერთიც საკმარისია"...
#MaeWest
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"შტორმზე მაღლა თუ ახვალ, შენ აღმოაჩენ მზის სინათლეს"...
#MarioFernandez
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

Wednesday, September 18, 2019

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.


ბედნიერი ცხოვრება შეუძლებელია თავისი პატარა სიბნელეების გარეშე... სიტყვა "ბედნიერება" კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ ის არ არის დაბალანსებული მწუხარებით. ბევრად უკეთესია, მივიღოთ მოვლენები ისე, როგორც ისინი მოდიან: მოთმინებით და თანასწორობით...
#კარლიუნგი
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"ბედნიერი ცხოვრება ინდივიდუალური ქმნილებაა, რომლის შესაქმნელად რეცეპტით ვერ იხელმძღვანელებ"...
#MihalyCsikszentmihalyi
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

“როცა ცხოვრება გიგზავნის წვიმას, იხტუნავე გუბეებში"...🙂
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC


ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"თუ გინდა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, იყავი შენი თავის საუკეთესო ვერსია და სასწაულების დასაწყისი"...
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

Tuesday, July 30, 2019

ქორწინებაში არსებული პრობლემები


ქორწინებაში არსებული პრობლემები

Image result for problems in marriage
როდესაც საქორწინო ურთიერთობაში, რომელიმე ინდივიდს აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც ურთიერთობებზე გავლენას ახდენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქორწინება თერაპევტის ჩართულობას საჭიროებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური თერაპია აღქმულია, როგორც თერაპია ქორწინებისთვის და წარმოადგენს მეთოდს, რომ დარეგულირდეს წყვილთა ურთიერთობა, რაც თავის მხრივ არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალურ მკურნალობას. ოჯახური თერაპია წარმოადგენს თერაპიის იმ სახეს, როდესაც ოჯახის თითოეული წევრი ჩართულია პროცესში და გადის კონსულტაციას თერაპევტთან. აღნიშნულს ამყარებს ის არგუმენტი, რომ იმისათვის რათა თერაპიის სისტემამ „იმუშავოს“ ამისთვის აუცილებელია სისტემაში მყოფი თითოეული ადამიანის ჩართულობა.
ქორწინების დროს არსებობს მრავალი პრობლემა, რომლის წინაშეც წყვილი აღმოჩნდება და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება პრობლემის გადასაჭრელად. მკვლევარმა გრინმა ისაუბრა იმ ძირითად მიზეზებზე, რომელთა გამოც ქორწინებაში მყოფი წყვილები მიმართავე თერაპევტს. გამოკითხული 750 წყვილიდან, გამოაშკარავდა, რომ ყველაზე გავრცელებული პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ხოლო შემდგომ ეტაპზე, პრობლემური იყო ისეთი საკითხები როგორიცაა ფინანსური  უთანხმოება, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, კონფლიქტი და სხვა ძირითადი საკითხები, რომელთა გამოც ქორწინება შესაძლებელია, რომ შესუსტდეს და განქორწინებამდეც კი მივიდეს, შესაბამისად საჭიროებდეს თერაპიას.
როდესაც ქორწინება აღქმულია, როგორც ერთი მთლიანი სისტემა, შესაბამისად, აუცილებელია, რომ თერაპევტი წარმოადგენდეს კონსულტანტს არსებულ სისტემაში, რომელმაც უნდა შეაფასოს არსებული სისტემის მონაწილეების ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოიკვლიოს მიზეზი, თუ რამ გამოიწვია სტრესი არსებულ სისტემაში. მას შემდეგ რაც იპოვის და განსაზღვრავს პრობლემას, შემდგომში უნდა ივარაუდოს, თუ რომელი გზა იქნება ყველაზე ხელსაყრელი რომ არსებულ სისტემაში განხორციელდეს პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
საქორწინო სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზისა და აღმოფხვრით, შესაძლებელია, რომ წყვილთა ურთიერთობა სულ სხვა დონეზე აიყვანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, თუ რა როლს ასრულებს თერაპევტი საქორწინო ურთიერთობებთან მიმართებით, თუ რა გავლენა შეუძლია რომ მოახდინოს წყვილების პრობლემურ ურთიერთობაზე და რა აუცილებელ უნარებს და ჩვევებს უნდა ფლობდეს თერაპევტი, რომ კონსულტანტობა გაუწიოს საქორწინო სისტემას.
თითოეული ინდივიდი წარმოადგენს საკუთრი სისტემის ნაწილს და არა სისტემას საკუთრ თავში. ინდივიდი ყოველთვის უკავშირდება სხვა ადამიანს ქორწინების საშუალებით, მეგობრობის საშუალებით, სამსახურის საშუალებით და აშ.
თერაპევტთან სესიაზე მისული ინდივიდთან მიმართებით,  თერაპევტს აქვს დილემა, თუ რა მიდგომა უნდა შეარჩიოს. ეს უკანასკნელი კი გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელი სისტემის მონაწილეა პაციენტი. არსებული  თერაპევტს სჭირდება სწორედ იმიტომ, რომ მოიპოვოს პაციენტის ნდობა და აგრძნობინოს მას, რომ თერაპევტთან შეუძლია იყოს მშვიდი და თავისუფალი.
ცოლქმრული ურთიერთობა არ არსებობს კომუნიკაციის გარეშე, როგორც ორი ნებისმიერი ადამიანის ურთიერთობა. პრობლემა იჩენს თავს მაშინ, როდესაც ეს როლები დარღვეულია და ისინი ან არ ლაპარაკობენ, დუმილს არჩევენ ან არ უსმენენ ერთმანეთს. ამ დროს ხდება ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალება. ამ დროს საჭიროა თერაპევტის დახმარება.
ვირჯინია სატირი კომუნიკაციის რამდენიმე როლს გამოყოფს:
მაამებელი - ის ყოველთვის ცდილობს დადებითი განწყობა და მოწონება მოიპოვოს, მოკრძალებულია, წინააღმდეგობას არ უწევს მეწყვილეს მიუხედავად სიტუაციისა და ბოდიშს იხდის საჭიროების შემთხვევაში.
მაამებელს არ შეუძლია უარის თქმა და ყველაფერზე თანახმაა, მისი საუბარი მიგვანიშნებს მის უძლურებაზე საკუთარი სურვილების მიმართ, მას ყოველთვის სჭირდება ვიღაც, ვისაც დაეთანხმება. ხმაც სუსტი და აკანკალებული აქვს. არ აქვს მნიშვნელობა თვითონ რას გრძნობს და რას ფიქრობს. თავს უსარგებლოდ თვლის.
მბრალმდებელი - ის დიქტატორი უფროსია. მისი ყოველი ქმედება სხვას ადანაშაულებს, თუ რაღაც ისე არ არის როგორც საჭიროა. სხეულებრივად  დაჭიმულია, მზად არის შეტევისთვის. ხმა მკაცრი და მაღალი აქვს. სუნთქავს მძიმედ, სასუნთქი გზების დაჭიმულობის გამო ხანდახან სუნთქვა შეკავებულია. მას შეუძლია დაადანაშაულოს ყველა მის გარშემო.
მაამებელის მსგავსად მბრალმდებელიც თავს უსარგებლოდ თვლის და თუ გაჩნდა ვინმე ვინც მას დაუჯერებს და მასზე იუფროსებს, თავს უკეთ გრძნობს.
ზერაციონალურიმას შეუძლია გრძნობების გარეშე შეასრულოს საქმე, სრული სიზუსტით. მშვიდი და გაწონასწორებულია, ხმა აქვს მონოტონური, უემოციო, საუბრობს რთული წინადადებებით. ის თავის თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს.
ყურადრების გადამტანი-  მისი გრძნობები არეულია და არასდროს არ აქვს რეაქცია სხვადასხვა საკითხებზე. ხმაც არათანაბარი აქვს. აიგნორებს შეკითხვებს, დაკავებულია სხეულებრივი მოქმედებებით.
ყველა ზემოთ ჩამოთვილ კომუნიკაციის როლებში გვევლინებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი თვითშეფასება. ეს როლები ძირითადად ყალიბდება აღზრდი სტილიდან.
და ბოლოს, კომუნიკაციის როლი, სახელად -   ზომიერი . ის აზრებს სწორ მიმართულებას აძლევს. მისი სიტყვები თანხვედრაშია მიმიკებთან. ის თავისუფალი და გულახდილია, საუბრის დროს თანხვედრაში მოჰყავს გრძნობები, აზრები, სხეული, ამიტომ ყოველთვის ნდობას იმსახურებს გარემოსგან. ნაკლებად ადანაშაულებს სხვებს, ყველაფერზე არ თანხმდება და თვითშეფასების პრობლემებიც ნაკლებია. ამ როლში მყოფი პიროვნება არის ის ვინც არის, რეალური პიროვნება და აქვს ჯანსაღი ურთიერთობა გარემოსთან.
  კონფლიქტი
წყვილების დიდი რაოდენობა არასდროს ამთავრებს კამათს ოჯახურ თემებზე. მაგალითად, თუ წყვილები წლების წინ, კამათობდნენ ფულზე, ისინი დღესაც კამათობენ იგივე საკითხზე. აღნიშნულის მიზეზი გახლავთ, ის რომ კონკრეტულ საკითხთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით მეუღლეებს აქვთ განსხვავებული წარმოდგენა. გამოიკვეთა კონფლიქტის 3 სახე, რომელმაც შესაძლოა, ურთიერთობა დასასრულამდე მიიყვანოს. კონფლიქტის პირველი სახეა „ერთმანეთის შემავსებელი სტილი“, როდესაც ერთი ყვირის და მეორე უსმენს. მეორე ეს არის - „სიმეტრიული სტილი“ , როდესაც ჯერ ერთი უყვირის მეორეს, ხოლო შემდგომ მეორე და ბოლოს „პარალელური სტილი“,- როდესაც წყვილები არჩევენ დუმილს.
ადამიანები ხშირად ბრალს დებენ მეწყვილეებს და იწყებენ მათთან კონფლიქტს და ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ „დამნაშავეს“  შეაცვლევინებენ მოსაზრებას ამით კონფლიქტი გაქრება. მსგავსი ხასიათის კონფლიქტები მოსაგვარებლად რთულია, რადგან პიროვნულობასთან გვაქვს საქმე. მანამ სანამ ცოლი და ქმარი ერთმანეთის პიროვნული მახასიათებლების ცვლილებას შეუდგებიან, უკეთესი იქნება თუ კონკრეტულ სიტუაციას შეცვლიან.
კონფლიქტურ  წყვილებში ტექსტზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ქვეტექსტია. ამიტომ  მათ, როგორც წესი არ ახსოვთ რის გამო დაიწყეს ჩხუბი. მეუღლეებს, რომელთაც ქრონიკულად კონფლიქტური სიტუაციები აქვთ, ყველაზე ძლიერი ემოციები სწორედ ჩხუბის დროს აღმოუცენდებათ.  ასეთი სახის გაუგებრობა ყველა ცოლქმრულ წყვილშია.
დისფუნქციური წყვილები არ არკვევენ ურთიერთობებს, არ ლაპარაკობენ უთანხმოების შესახებ. ამიტომ კონფლიქტის შემდეგ წყვილი ხდება დისტანციური, არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, შემდეგ გარემოება აიძულებთ მათ განიხილონ რაიმე საკითხი და შემდეგ ისინი იწყებენ ურთიერთობას ისე, თითქოს კონფლიქტი არ ყოფილა.
კონფლიქტური წყვილების თერაპიის სტრატეგიული მიზანია, არა კონფლიქტის შეწყვეტა, არამედ მეტაკომუნიკაციის შესაძლებლობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარკვიონ კონფლიქტის მიზეზები და შეთანხმდნენ ორივე მხარისათვის კომფორტულ ურთიერთ ქმედებაზე.
არსებობენ კონფლიქტური წყვილებისგან გასხვავებული დისტანციური წყვილები, მათი  ურთიერთობა ფორმალური ხასიათისაა. ურთიერთობაში არ გააჩნიათ ემოციები. ემოციები აღმოუცენდებათ სხვა სიტუაციებში, მაგალითად ბავშვებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან. მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება ერთმანეთისადმი, რომელსაც ასრულებენ. ძირითად შემთხვევებში სქესობრივი კონტაქტი არ აქვთ ან ფიზიოლოგიურ დონეზე აქვთ დაყვანილი. ასეთ წყვილს ყავს ემოციური შუამავალი, რომელიც აერთიანებს მათ, ბავშვი ან შესაძლოა შინაური ცხოველი. ისინი თერაპევტს დახმარებისათვის მიმართავენ იმ შემთხვევაში თუ მათ შამავალს ეხება საქმე.
დისტანციური წყვილების თერაპიის მიზანია მათი ემოციური დაახლოება. ამ მიზნით გამოიყენება შინაური ცხოველები და თამაშების წესები. თამაშებით შესაძლებელია მოხდეს უსაფრთხო  ემოციური დაახლოება. თამაში იძლევა შესაძლებლობას  განიცადო აზარტი, ინტერესი, მხიარულება და ეს ყოველივე არაა კავშირში ჩვეული ცხოვრების მიმდინარეობასთან, სადაც ყველაფერი უემოციო და გაყინულია.
 სექსუალური დისჰარმონია
წყვილების ერთ-ერთი პრობლემა არის სექსუალური დისფუნქცია. ამ დროს ქრება მიზიდულობა, ლტოლვა. ეს შესაძლოა მოხდეს შესანიშნავი ურთიერთობების ფონზეც.
ესტერ პერელი, ბელგიელი ოჯახური ფსიქოთერაპევტი, აღნიშნავს, რომ თანამედროვე ქორწინების წყობა ანგრევს უერთიერთობებში ეროტიზმს. გატაცებისათვის  საჭიროა დისტანცია, ეროტიკა საჭიროებს განუსაზღვრელობას, საიდუმლოებას, მსუბუქ საფრთხეს, თამაშებს.
მარა სელვინი ყველა წყვილს, განურჩევლად იმისა განიცდიდნენ თუ არა ისინი ცოლქმრულ ურთიერთობებში  სირთულეებს, წესად სთავაზობდა კვირაში ერთი დღე ბავშვების გარეშე სახლიდან გასვლას. ეს წესი იძლევა საშუალებას გაიმიჯნოს ცოლქმრული ურთიერთობების საზღვრები, ყოველდღიური ცხოვრებისაგან.
კარგი სქესობრივი კავშირი ცოლქმრულ წყვილებში განისაზღვრება სინაზით, ნდობით, იუმორით, სასტიკი ელემენტების არარსებობით. თუკი ადამიანები შეძლებენ გაანდონ თავისი ფანტაზიები ერთმანეთს სირცხვილის გარეშე, განიხილონ საკუთარი შეგრძნებები, მაშინ სქესობრივი კავშირი ორივესთვის სასიამოვნო იქნება.
ოჯახური თერაპიის არსი არის კონტაქტის ფასილიტაცია მეუღლეებს შორის. არც თუ ისე იშვიათდ სქესობრივ კონტაქტზე უარი წარმოადგენს გზვანილს იმის შესახებ, რომ ადამიანი ცუდადაა ქორწინებაში. სექსუალური დისფუნქცია ქრება, თუ მეუღლეებს შორის შედგება გულწრფელი დიალოგი.
ცოლქმრული ღალატი
ღალატი მატრამვირებელი მოვლენაა და ძირითად შემთხვევებში ანგრევს ურთიერთობებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთობა აღდგეს და მეტად ფუნქციურიც გახდეს.
ცოლქმრული  ერთგულება ეს არა მხოლოდ სექსუალური
კავშირია, არამედ სასიყვარულო ურთიერთ ქმედებები და ინტიმური ურთიერთობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით.
ტრავმა არღვევს ჩვეულ ცხოვრების წესს. მოტყუებული მეუღლე ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა და რატომ? იწყებს  ყველაზე ინტიმური დეტალების გარკვევას, პასუხები კი როგორც წესი არადამაკმაყოფილებელია.  მოტყუებული წარმოიდგენს მოღალატე მეუღლის ინტიმური სცენების სხვასთან, იმას თუ როგორ დასცინოდნენ მას, როგორ დადიოდნენ მისთვის ნაცნობ ადგილებში და ა.შ.
თუ როგორ გაგრძელდება წყვილის ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუკი მოტყუებული მეუღლე შოკირებულია  ღალატის ფაქტით, მას არ სურს არაფრის ცოდნა და წყვეტს ურთიერთობას. თუ მოტყუებულ  მეუღლეს სურს აღადგინოს ურთიერთობა, ცდილობს დეტალებში ჩაძიებას. ტანჯვის მიუხედავად მზადაა ოჯახის შენარჩუნებისთვის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მოღალატის ფაქტორს, თუ როგორ მოიქცევა ის.
თერაპიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი, მეუღლეებს შორის ემოციური კონტაქტის აღდგენაა. ცოლქმრულ ურთიერთობებში ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაშია თუ სხვასთან რომანი დასრულდება. მეორე ამოცანაა ახალი ფსიქოლოგიური საქორწინო ხელშეკრულების  გაფორმება.
პატიება თერაპიის მნიშვნელოვანი ეტაპია. უმჯობესია დაზარალებულის აზრის გაგება, რა სახით შეძლებს ის პატიებას. ამ დროს აუცილებელია დაზუსტდეს, რა პერიოდია საჭირო დასარწმუნებლად, რომ მეწყვილე ნამდვილად შეიცვალა.
 ძალადობა წყვილებში
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50% იზრდება ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. მონაცემების მიხედვით ძალადობის შემთხვევების რიცხვი განსხვავდება სქესის მიხედვით და ძალადობის მსხვერპლნი არიან ძირითადად ქალები.
შეურაცხყოფა წყვილებში ხშირად იწყება იმ პერიოდში, როდესაც ურთიერთობას იწყებენ და ერთმანეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ, ხოლო შემდგომ გამწვავებას ვხვდებით უკვე ქორწინებაში.
შეურაცხყოფას წყვილებში ძირითადად ვხვდებით ისეთ ქორწინებაში, რომელშიც ტრადიციულად, კაცი ასრულებს წამყვან როლს და მას აკისრია ოჯახის ხელმძღვანელის ფუნქცია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სახეზეა 19 - ე საუკუნის პერიოდში არსებული ქორწინების მსგავსი ტიპი, როდესაც ცოლიც და ქმარიც იზიარებენ ერთ იდეოლოგიას, ერთ მოსაზრებას და არსებული მოსაზრება არის ქმრის მოსაზრება. დროის ფაქტორის მიუხედავად, ძირითადი საკითხები დღეს მაინც უცვლელი რჩება. ქმრები არიან ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებები, ხოლო ცოლები ძირითადად არიან სახლში და ზრუნავენ შვილებზე.
ისმის შეკითხვა, რატომ რჩებიან წყვილები ისეთ ურთიერთობაში, სადაც შეურაცხყოფაა? მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცოლები რჩებიან ასეთ ურთიერთობაში, იმიტომ რომ გარკვეული ემოციური კავშირი აქვთ მეწყვილეებთან, შვილებთან და ასევე იმ ცხოვრებასთან, რომელიც ერთობლივად შექმნეს. ზოგიერთი მათგანი, ასეთ ურთიერთობაში დარჩენას რელიგიური შეხედულებების გამო ამჯობინებს და მიაჩნიათ, რომ განქორწინება ან ხელმეორედ გათხოვება არ არის მიღებული მათი რელიგიისთვის. ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ ვერ ხედავს სხვა ფინანსურ ალტერნატივას და ალტერნატიულ გარემოს საკუთარი შვილებისთვის.
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად შემთხვევებში, მოძალადის ცოლები ტოვებენ ოჯახს და მიდიან, მაგრამ ზოგი მაინც ბრუნდება უკან, გარკვეული მიზეზით, თუნდაც საკუთარი შვილების გამო. ქალები, რომლებმაც მოახერხეს და თავი დააღწიეს ასეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ წამოვიდნენ ქმრისგან, ოჯახის საბოლოოდ დანგრევამდე ჰქონდათ მცდელობა შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.
 სტრესის გავლენა
სტრესი ძირითადად ვლინდება თავის ტკივილითა და ძილთან დაკავშირებული პრობლემებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრესორია ოჯახური პრობლემები, სამსახური და ა.შ  სამსახურში მიღებული სტრესი ისახება ოჯახზე. დასაქმებულთა დიდი ნაწილი საკუთარ სამსახურ აღიქვამს სტრესის პირველ ფაქტორად. სამსახურში მიღებული სტრესი ასევე ასოცირდება ჯანმრთელობის პრობლემებთან, რასაც იწვევს  გადაჭარბებული მუშაობა, სამუშაო გარემო, ნაკლები კომუნიკაცია, კონფლიქტის მოლოდინი, მტრული დამოკიდებულება, დისკრიმინაცია და ა.შ.
ჩამოთვლილთაგან, თითოეულ ფაქტორს, შეუძლია, რომ დააცარიელოს ინდივიდის პიროვნული ენერგია და მოტივაცია. სამსახურის და შესაბამისად ფინანსური სტრესი  ისახება ოჯახზე. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი სწორედ, რომ ფულს უკავშირდება. ძირითადად წყვილები კამათობენ ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე.  თუმცა ძირითადი მიზეზი არა ფულის ნაკლებობაა, არამედ ის, თუ როგორ ხარჯავს ოჯახი მათ ხელთ არსებულ ფინანსებს.
ოჯახურ აქტივობებში კაცების მონაწილეობა იზრდება. ისტორიულად, აღმზრდელობითი ფუნქციებით ძირითადად შემოფარგლული იყვნენ ქალები. შესაბამისად, დედებისა და ქალების გამოცდილება მეტნაწილად უფრო სოციალური და კულტურულია. თუმცა რაც უფრო მეტი კაცი ჩაერთო მსგავს აქტივობაში, აშკარა გახდა, რომ მამებს შეუძლიათ რომ გაუმკლავდნენ სტრესს, რომელიც გამოწვეულია უამრავი ვალდებულებით და ამავდროულად შეუმსუბუქონ ცოლებს ის ვალდებულებები, რომლებიც აღქმულია „ქალის ვალდებულებად“.










ფსიქოლოგი
მარიამ ტურაშვილი

განქორწინება


განქორწინება

Image result for divorce

ქორწინება, როგორც სოციალურად კონსტრუირებული მოწყობილობის თავსებადობა ორი ადამიანს შორის, გადადის  კრიზისში. ყველა არ არის თანაბრად ბედნიერი ყველა განიცდის განსხვავებულად. თეორიულად ქორწინება სიკვდილამდე ერთობას მოიაზრებს, თუმცა რიგ შემთხვევებში ქორწინება განქორწინებით სრულდება. სამწუხაროდ განქორწინების რიცხვი საგრძნობლად იმატებს. ოჯახის დანგრევა თითქმის ყოველთვის ნეგატიური ემოციებით სავსეა, ეს იქნება იმედგაცრუება, მოლოდინების არ გამართლება თუ სხვა მრავალი. დამატებით მას ერთვის იურიდიული, ფინანსური, მშობლის როლი და ბევრი სხვა ასპექტი, რომლებიც ცვლიან პასუხისმგებლობებსა და ცხოვრებისეულ რუტინას, რის ფონზეც შესაძლებელია ადამიანს დიდი დრო დასჭირდეს დაუბრუნდეს მისეულ ცხოვრების რიტმს.
მიუხედავად ამისა, განქორწინება ემსახურება მნიშვნელოვან საკითხს, ადამიანებს ათავისუფლებს იურიდიულად და ემოციურად, რათა შექმნან უფრო სტაბილური ურთიერთობა.
ოჯახების 40-50% განქორწინებით მთავრდება და ეს რიცხვი უფრო და უფრო იმატებს მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009 წლიდან მოყოლებული საქართველოში განქორწინების რიცხვი 2.5 ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 10 288-ს მიაღწია.
 განქორწინებულთა მონაცემების მიხედვით ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად განქორწინების ძირითადი მიზეზები არის კომუნიკაციის ნაკლებობა,  ხშირი კამათი, ღალატი და ოჯახური ძალადობა. ვითარების გაუარესებასთან ერთად იზრდება ოჯახური თერაპიის მიმართ ინტერესის გაზრდა.







ფსიქოლოგი
მარიამ ტურაშვილი

ქორწინება

ქორწინება



კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სხვადასხვა კულტურაში ქორწინებასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მრავალი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ქორწინება მოიცავს პირველ რიგში ცოლ-ქმრის გაერთიანებას, შემდეგ განსაკუთრებულ კავშირს შვილებთან, მონოგამიას და ექსკლუზიურობას. ეს ელემენტები არის ქორწინების აღქმის შემადგენელი.  ქორწინება უნდა განვასხვავოთ სხვა ნებისმიერი სახის ურთიერთობიდან, ვინაიდან გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ორი ადამიანის თანაცხოვრება. ეს არის ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა საკუთარი ნებითა და შეთანხმებით, ცხოვრების და საშუალებების ერთმანეთთან გაზიარება, ამავდროულად ფიქრებისა და სურვილების გაერთიანების შესაძლებლობა და ბოლოს სხეულების ერთიანობა.
მეუღლეები იწყებენ ერთმანეთის სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას და ემზადებიან, რომ შეითავსონ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მშობლობა და სხვა ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებული მოვალეობები.
„ჯანსაღი“ ქორწინება დადებითად მოქმედებს წყვილის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბედნიერ ოჯახში, დაცული არიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, განათლებისა თუ სოციალური პრობლემებისგან. კარგი ოჯახი ნიშნავს, რომ მეუღლეები აფართოვებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ისეთ ცხოვრებას, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ შექმნიდნენ.
თითოეული ქორწინება უნიკალურია, თუმცა არის საერთო ელემენტებიც. არსებობს ქორწინების კრიზისული წლები, რომელსაც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ვერ განვიხილავთ, ვინაიდან კრიზისის გადალახვის შემდეგ მეუღლეთა ურთიერთობა უფრო მყარი ხდება. ქორწინების პირველი კრიზისული პერიოდია წყვილის თანაცხოვრების დასაწყისი. ქორწილამდე ყველაფერი უფრო მარტივია, შეხვედრები და სიყვარულის მორევში ყოფნა ძალიან ამაღელვებელია წყვილებისთვის. დაქორწინების შემდეგ  კი ურთიერთობა რთულდება, რაც გარკვეული ცვლილებების ზემოქმედებით ხდება. დაოჯახებამდე მეწყვილეებს ჰქონდათ თავისუფალი დრო, რაც საშუალებას აძლევდათ ერთმანეთისგან დაესვენათ. ერთად ცხოვრების დროს კი ცოლ-ქმარს უწევს ბევრი ასპექტის ერთმანეთთან შეთანხმება, საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეულ საკითხზე კომპრომისებზე წასვლა და სხვა დეტალები რასაც წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.
მრავალი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ქორწინებამდე ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით. თუმცა აქაც არის აზრთა სხვადასხვაობა და კულტურული განსხვავებები. მიზეზი ზოგისთვის დაოჯახებისთვის მომზადებაა, ზოგი წყვილი, ქორწინებამდე თანაცხოვრებას აღიქვამს, როგორც პირველ ნაბიჯებს დაოჯახებისკენ და ასევე შემოწმების გზას, თუ როგორ ეწყობიან ერთმანეთს. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ როდესაც წყვილები ერთად ცხოვრობენ ქორწინებამდე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქორწინებისა და შვილების ყოლის მნიშვნელობის შემცირება. ასევე კვლევების მიხედვით იმ წყვილების განქორწინების რაოდენობა, რომელთაც არ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა ქორწინებამდე, ორჯერ უფრო ნაკლებია.
ადამიანები  ხშირად მოუმზადებელნი არიან ხოლმე მოსალოდნელი  ცვლილებებისთვის, რომლებიც გარკვეულ წილად ისახება კომუნიკაციასა თუ ქმედებებზე. ქორწინება ცვლის წყვილების ურთიერთობას, გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინებით ისინი იღებენ დაუსრულებელ ვალდებულებებს.  თითოეულმა მეუღლემ საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა „ვინ ვარ მე“? „ვინ ვართ ჩვენ?“ როგორ დავაბალანსებთ ჩვენს ინდივიდუალურ თვისებებს? მსგავს შეკითხვებზე მიღებულ პასუხებს, შესაძლოა, რომ ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ორივე წყვილისთვის.
მრავალი დაქორწინებული ადამიანი აღიარებენ, რომ ქორწინების შემდგომ გარკვეული საკითხი განსხვავებულად აღიქვეს. დაოჯახებული წყვილები იღებენ ახალ ვალდებულებებს, რომ იზრუნონ ერთმანეთზე. მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა მოვალეობები სწორად გადაინაწილოს.
ქორწინებაში მყოფი თითოეული პარტნიორი, იყალიბებს საკუთარ წარმოდგენას ოჯახურ ურთიერთობაზე, რომელიც შემდგომში მნიშვნელოვნად ისახება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ის წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი წარმოდგენები აქვთ, უფრო ადვილად აღწევენ ერთობლივ მიზნებს, ვიდრე განსხვავებული შეხედულებებისა და მოლოდინების მქონე წყვილები.
დაქორწინების შემდგომ ადამიანთა ურთიერთობები საკუთარ მეგობრებსა თუ ოჯახთან იცვლება. შესაძლოა შეიცვალოს მეუღლეების ურთიერთობა საკუთარ ოჯახებთანაც.  ბუნებრივია, რომ ახლად შეუღლებული წყვილებისთვის მშობლები გარკვეულ წილად რეკომენდატორები არიან და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში, თუმცა პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როდესაც მშობლები ზომაზე მეტად ერევიან წყვილების ურთიერთობაში. წარმატებული ქორწინება მოიაზრებს მშობლებისგან დამოუკიდებლობას. მშობლებმა შესაძლებელია შესთავაზონ ახლად შეუღლებულ წყვილს ფინანსური და ემოციური დამოუკიდებლობა.
ასევე მცირდება დრო საკუთარი მეგობრების სანახავად, გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინება წყვილებს შორის საკმაოდ დიდ ემოციურ ურთიერთ კავშირთანაა დაკავშირებული. ადრეულ ეტაპზე კლებულობს სურვილი იმისა, რომ სხვებთან გაატარონ დრო. წყვილები ძირითადად ერთმანეთზე არიან ორიენტირებულნი და სხვა ადამიანები ნაკლებად აინტერესებთ. მნიშვნელოვანია ქორწინებით კმაყოფილება და შესაბამისად ადამიანებს ამის მოლოდინიც აქვთ. ქორწინებით კმაყოფილებისთვის წყვილი ყველაფერს აკეთებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს იმას, რომ სხვა დანარჩენი ურთიერთობები მეორე ხარისხოვანი ხდება.
ზოგიერთი წყვილი ცდილობს, რომ გამონახოს ერთი საღამო მაინც იმისთვის, რომ ნახონ საკუთარი მეგობრები და მათთან ერთად გაატაროს გარკვეული დრო. ამ შემთხვევის მიზეზი კი ხშირად საერთო მეგობრებია, რომელთა საშუალებითაც გაიცნეს ერთმანეთი.
ამ საკითხს უარყოფითი მხარეც აქვს. მეუღლეები რომლებიც სრულიად იზოლირებულად არიან საკუთარი ოჯახებიდან, არის ალბათობა, რომ თავი იჩინოს სტრესმა და წარმოიშვას პრობლემები ურთიერთობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ნდობა. როდესაც ურთიერთობაში არის ნდობა, ხდება ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, ამ დროს ნაწილდება როლები, ერთი კარგი მსმენელია და მეორე მთხრობელი. რაც უფრო ახლოსაა წყვილი ერთმანეთთან მით უფრო ხშირია ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთში.
შუახნის ასაკი არის პერიოდი ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობას შორის. ერიკ ერიკსონმა შუახნის ასაკი გამოყო 40 წლიდან, 65 წლამდე.[1] აღნიშნული პერიოდი მრავალ საკითხს უკავშირდება და შესაბამისად, შედარებით უფრო პრობლემატურია. მის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ოჯახიდან წამსვლელთა და შემომსვლელთა რაოდენობა. რაც გულისხმობს უკვე დამოუკიდებელ შვილებს,  დამოუკიდებელი შვილების მეუღლეებს  და შემდგომში ბებია-ბაბუის სტატუსის მინიჭებას.
გარკვეული ცხოვრებისეული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ ცხოვრებით კმაყოფილებაზე. არსებული ფაქტორები მოიცავს სამსახურს, ფინანსურ საკითხებს, საცხოვრებელ სახლს და ასე შემდეგ.  შედარებით ნაკლებად, თუმცა შუა ხნის პერიოდსაც შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
ის ფაქტი, თუ როგორ აფასებენ საკუთარ კეთილდღეობას ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახებზე. არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანები საკუთარ თავს განსაზღვრავენ საკუთარი პირადი მიღწევების საფუძველზე და ასევე განათლების დონის მიხედვით. კვლევებმა აჩვენა, რომ განათლების დაბალი დონე პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ფსიქო-სოციალურ სტრესთან. აღნიშნულის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი ქალებში.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად ადამიანები განათლების მაღალი დონით, არიან უფრო ორგანიზებულნი და ორგანიზებულობა უკავშირდება ცხოვრებით კმაყოფილებას და დეპრესიის დაბალ მაჩვენებელს. წყვილები, რომლებიც კმაყოფილნი არიან ცხოვრებით,  კმაყოფილნი არიან ქორწინებითაც [Lachman, Firth; 2004].
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსების განცდა, გარკვეულ წილად დამოკიდებულია იმ სოციალურ ფენასა თუ კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება ადამიანი. რაც უფრო მაღალია სოციალური კლასი, უფრო მაღალია საკუთრი თავის მიმართ პატივისცემა და ასევე მაღალია კეთილდღეობის განცდა. ბუნებრივია, რომ მხოლოდ სოციალური ფენა არ წარმოადგენს ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორს, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გარკვეულ როლს თამაშობს. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო მაღალია სოციალური ფენა, ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა არის უკეთესი და შესაბამისად, ინდივიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია. ზრდასრულ ადამიანებზე უფრო მეტად ახდენს მსგავსი საკითხები გავლენას, ვიდრე შედარებით ახალგაზრდებზე.
ერიკ ერიქსონის მიხედვით ხანდაზმულობის ხანა იწყება 60 წლიდან.[2] საზოგადოებას ეშინია სიბერის. არსებობს მრავალი ნეგატიური მითი, რომელიც უკავშირდება სიბერეს. დაახლოებით 3000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ 65 წლის ადამიანები საკუთარ თავს არ უწოდებდენ „მოხუცს“ და მხოლოდ გამოკითხულთა 15%, რომლებიც 75 წელს გადაცილებულია, უწოდებს საკუთარ თავს „ძალიან მოხუცს“ [Parkin; 2000].
კვლევებმა აჩვენა, რომ ხანში შესული ადამიანისთვის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ჯანმრთელობასთან ერთად წარმოადგენდნენ პრიორიტეტს. ასევე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მრავალფეროვანი სულიერი ცხოვრება და ახალი გამოცდილებები.
ქორწინებით კმაყოფილება, რომელიც გარკვეულ წილად დაბალია შუახნის ასაკის პირველ ფაზაში, ერთი ორად  იზრდება 50 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, კმაყოფილება, ბავშვებთან, ქორწინებასთან, სამსახურთან, ფინანსებთან და ზოგადად ცხოვრებასთან, იზრდება ასაკთან ერთად. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიურ წყვილებს აქვს ცხოვრებით ნაკლები კმაყოფილება, მათ აქვთ ფსიქიკური და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცხოვრებისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, ასუსტებენ თავიანთ იმუნურ სისტემას.
სექსუალური და ფინანსური კმაყოფილება პიკს აღწევს საშუალო ასაკში. აღნიშნული საკითხები კლებულობს ასაკთან ერთად. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ 57-64 წლის ადამიანების 73% სექსუალურად აქტიურია. არსებული რიცხვები შემცირდა 53% ასაკობრივ კატეგორიაში 65-74, ხოლო 26% განისაზღვრა 75-85 წლის ასაკში. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით, 50 წელს მიღწეული ადამიანების ცხოვრება არის გაუმჯობესებული [Lindauet al, 2007].
გრძელვადიანი ქორწინება მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ზოგი მკვლევარი გრძელვადიან ქორწინებად თვლის ქორწინებას, რომელის ხანგრძლივობა რამოდენიმე წლიდან 20 წლამდე გრძელდება.  კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს ქორწინების ოპტიმალური ასაკი, რომელიც ახანგრძლივებს ქორწინებას. ქორწინების ხანგრძლივობა გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ პერიოდზე, კულტურასა და გარემოზე სადაც ქორწინდება ადამიანი [Glenn, 1998;].
ვინაიდან მკვლევართა აზრი ხანგრძლივ ქორწინებასთან დაკავშირებით რამდენიმე აზრად იყოფა და საკმაოდ მწირია განმარტებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და კონკრეტულად რამდენ წელს მოიაზრებს ხანგრძლივი ქორწინება, ამიტომ ძნელია შედარების გაკეთება. კვლევებმა ცხადყო, რომ, როგორც კი წყვილი გადალახავს განქორწინების ძირითადი რისკების პერიოდს,  ძირითად შემთხვევებში ისინი ადგებიან გზას ხანგრძლივი ქორწინებისკენ. მიუხედავად ამისა, ოჯახი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განქორწინების რისკის ქვეშ დადგეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევებში მონაწილე ყველა წყვილს, ქორწინებაში არსებული მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, გარდა იმ წყვილებისა, რომელთა ქორწინების ხანგრძლივობა აღემატებოდა ოც წელს. შესაბამისად ივარაუდება, რომ ოცი და მეტი წელი ქორწინების შემდეგ განქორწინების რიცხვი კლებულობს.




[1] Barbara A. Riggs, 2010; 200.
[2] Barbara A. Riggs, 2010; 200.










ფსიქოლოგი
მარიამ ტურაშვილი