Saturday, February 16, 2019

ემოციური ინტელექტი


         ემოციური ინტელექტი

თამარ ჭანტურია
ფსიქოლოგიის მაგისტრი

  "ემოციური ინტელექტი" არის საკუთარ და სხვა ადამიანთა ემოციებზე დაკვირვების, ემოციების შემჩნევის, სხვადასხვა ემოციების ერთმანეთისაგან გარჩევის, აზროვნების და ქცევის მართვის მიზნით ამ ინფორმაციის გამოყენების უნარი.
 ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა, ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
თვითცნობიერება - არის უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში, ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს 
კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში.
თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში.
საკუთარი თავის მართვა - უნარი, საკუთარი ემოციების მართვისა, შეგეძლოს იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება, შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
სოციალური ცნობიერება - უნარი, გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო მათი განწყობა მიცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება, რაც გვეხმარება გარშემომყოფების ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვაში.
ურთიერთობის მართვა - უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისთვის.
ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ ს მქონე ადამიანები უფრო ნიჭიერები არიან და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად მაღალი ემოციური ინტელექტი EQ უფრო მნიშვნელოვანი იარაღია წარმატების მისაღწევად. 
     ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლიდანვე, სკოლას შეუძლია მოახდინოს "ემოციური განათლების" პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს დეპრესიით, სიბრაზით, იმედგაცრუებით, წარუმატებლობით თუ სხვა პრობლემებით გამოწვეული ემოციების მართვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლაში წარმატების მისაღწევად.

* * *

No comments:

Post a Comment